Παρασκευή 28 Ιουνίου 2013

მიუალერსებ ჩემს მამულს.


როცა  ჩაუვლი ანატორს,
გული  ბაგა-ბუგს  დამიწყებს.
მიუალერსებ  ჩემს  მამულს,
ალბათ  სიმართლეს  გამიმხელს.
მივყვები  ძველ  სამარხოვანს,
სალ  კლდეებს,  ჭიუხს,  საჯიხვეს.
მამა-პაპათა  საძვალე,
დიდ  ხმაზე, ჩურჩულს  დაიწყებს..
ბევრჯერ  დაგვეცა  ურჯულო,
გატეხეს  კლდისა  კარია
მაგრამ  ვიცავდით  სამშობლოს,
არ  შევარცხვინეთ  მთანია.
დავხოცეთ  როგორც  ყანასა,
ისე  ვაცალეთ  თავია.
რადგან  ვიყავით  მართალი,
ვერას  გვიზავდა  მტერია.
მეფის  ერთგულნი  ვიყავით,
ფშავ-ხევსურეთის  ერია.
მტერთან  ბრძოლაში  გვფარავდა,
ლაშარის  სალოცავია.
სამშობლოს  კარის  დაცვა  ხომ,
მთიელთ  სიკვდილის  დარია.
მტერმა  ვერაფერ  დაგვაკლო,
ჟამმა  დაგვრია  ხელია.
ბევრი  გვარ  გაწყდა  ხევსურეთს,
აოხრდა  ციხე-კერია.
ვაჟებ  მრავალი  ყოფილა,
სისაურების  გვარია.
ბევრჯერ  იწვნია  მტრის  ზურგმა,
მათი  მახვილი  მჭრელია.
სისაურებიც  გამწყდარან,
არ  დარჩენილან  ბევრია
დიდება  ანატორის  ჯვარს,
თავისი  ყმათა  მხსნელია.
ხადას  ხეობას  დასახლდნენ,
შორს  წასვლა  მათთვის  ძნელია.
მთიულეთშია   იუხოს,
დღესაც  დგას  კოშკი  ძველია.
სისაურ-  ირიაულთა,
ნაშენი   ოჯახთ  მცველია.
ზოგმა  ვერ  დასთმო  საჯიხვე,
ლიქოკს  დაიდო  კერია.
ლიქოკელები  გამხდარან,
ძირძველი  სისაურები.
სამშობლოს  დაძახილზედა,
ვაჟკაცთ  უცემდათ  გულები.
კარატის  ყმანი  არიან,
ჰფარავდეთ  მისი   მადლია.
მთა იყო,  კიდევაც  არის,
გაუტეხელი   ხმალია.
ბევრჯერ  შაყრილან  საომრად,
ლიქოკის  ჭალას  ხევსურნი
გაუწირნიათ  სიცოცხლე,
იყვნენ  სამშობლოს  ერთგულნი.
თქვენ  შაგეწიოთ  ხევსურნო,
ანატორისა  ჯვარია.
ბევრი  გეხოცოთ  ნადირი,
ჯიხვი  არჩვი  და  შველია.
ბევრიც  მაგეკლათ  ვაჟებო,
ირემი  ფური, ხარია.
ჭერხო  აგევსოთ  ლეშითა,
ჯინი,  თავხე  და  ბანია.
ნადირობიდან  შინ  მასულს,
ყელს  შამაგეხვეს  ქალაი.
გაგაძღოს  სიყვარულითა,
ბალღებს  უმღეროს  ნანაი.
ქალს  სილამაზე  ამშვენებს,
ვაჟკაცსა  ხმალი,    სახელი.
არ   გამოლიოს  უფალმა,
საქართველოში  ქართველი.
ანატორს  წყალი  ჩამოდის,
ცივია  ყინულიანი.
ბევრი  ჰყოლია  ამ  სოფელს,
ვაჟები  სახელიანი.
მტერთან  მებრძოლი,
უშიშნი,
ვით  კლდენი  ხავსებიანი.
ციხე-კოშკები,  სათოფე,
მტრისათვის  ზიანიანი.
ხვავი  ბარაქა  ჰქონიათ,
ცხვარ-ძროხა   ღალებიანი.
ლამაზ  ქალ-ვაჟიც  ჰყოლიათ,
ტკბილი  ხმით   მოუბრიანი.
მტერ-მოყვარისა  დამხვდურნი,
ამაყნი,  ზრდილობიანნი.







ათენი  29/62013წ. თემურ  სისაური  [ჭალელი]  თბილისი.



Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου