Τετάρτη 26 Ιουνίου 2013

ჩემი შატილი და ანატორი


ჩემი  შატილი  და  ანატორი,
ჩემი  პირიმზე,  ცის  კაბადონი.
რამდენი  მტერი  ჰყავთ  დანახული,
რამდენი  სევდა  აქვთ  დამარხული.
აქ  ხომ  სამოთხეა,  ჩვენი  სავანეთი,
დუმილს  მოუცვია,  ძველი  სამარხები.
თქვენი  პატრონები  მიწას  შერევიან,
ნეტავ  უთქვენობას  როგორ  ელევიან...
ღამე  თუ  გამოვლენ  ყავარჯნებით,
სახლ-კარს  შეხედავენ  დანანებით.
ჭირსაც  და ლხინსაც,  ხომ  სიმღერით  ხვდებიან,
სევდას  იქარვებენ  და  სიკვდილს  ებრძვიან.
ჩვევად  გქონიათ,  გევლოთ  გამარჯვებით,
ვაჟის  დაბადებას,  ხვდებოდით  გახარებით.
ერთი  ყმით  მეტი  გეყოლებოდათ,
როცა  სამშობლოს  ბედი  წყდებოდა.
ჩემი  შატილი  და  ანატორი,
დიდი  წინაპრების  დანატოვი.
მოველ  თქვენი  შვილი  დაკარგული,
უნდა  გაგიმთელოთ  გული  გაბზარული.
შენ  ჩვენო  წმინდა  ჯვარო  ანატორო,
ეს  ღამე  მინდა,  შენთან  გავათენო.
დახავსულ  კედლებს,  სული   ჩაბერო  და
ჩემი  კარ-მიდამო  კვლავაც  აამღერო.
ჩამონგრეული  ბებერი  ციხე,
ცისფერი  მთები,  ჭალა  და  რიყე.
მომნატრებიხარ  შენ  ხევსურეთო,
მინდა  ჩაგიკრა,  სულ  შენთან  ვიყვე.
წყარო  არ  მისვავს  შენი  ხევების,
მაგრამ  ყლორტი  ვარ  შენი  ფესვების,
მეც  ერთი  ყმა  ვარ,  შენი ხატების,
ჯერ  კიდევ  მიდუღს  სისხლი  პაპების.
თოვლად  მოვალ  და  ნაღველს  გაგიდნობ,
წვიმად  მოვალ  და  გულსაც  დაგილბობ,
მოვალ  შენს  მთებში  ბინას  დავიდებ,
თუ  სიცოცხლეს  მთხოვ  მასაც  დაგითმობ.










ათენი26/6 2013წ.  თემურ  სისაური [ჭალელი]. თბილისი.


Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου