Πέμπτη 22 Αυγούστου 2013

ზურიკო ნაცვლიშვილის ხსოვნას.

სადა  ხარ  ზურავ  ჭალელო,
მაგ  შენი  თბილი  გულითა.
შენი კაცური  სიკვდილით,
მტერიც  გასტეხე  სულითა.
აფხაზეთისა  მიწაზე...
იბრძოდი  წრფელი  გულითა.
ვაჟკაცობა  და  გმირობა,
ქართველებს  მოგვდგამს  რჯულითა.
ცხრამეტი  წლისა  წახვედი,
ოცი იქ  გადაიხადე.
შენი  სიკვდილით  მერცხალო,
ქართველთ  მიეცი  სილაღე.
ასმეთაური  იყავი,
ასმაგად  თავსა  სწირავდი.
ომი  ქორწილი  გეგონა,
ტყვიების ცეცხლში  ფრინავდი.
ქართველთა   შემგინებელთა,
როგორც  ყანასა  სცელავდი.
ჩვენი  სამშობლოს,  ბედზე  და
მის  მომავალზე  ღელავდი.
მტერთან  პირისპირ  შეხვედი,
შორს  იყო  შენთან  შიშია.
არ  დაიჩოქებს  არასდროს,
ქართული  გენი,  ჯიშია.
ტამიშთან  ჩაქრა  სიცოცხლე,
ვახ  მე  სათქმელად  ძნელია.
პირნათლად  წარსდეგ  სამსჯავროს,
ერთხელ  არ  დაგიკვნესია.




ეს  ლექსი  მიუძღვენი  ჩემი  დეიდაშვილის,  ზურა  ნაცვლიშვილის  და  მასთან  ერთად,  საქართველოს  ერთიანობისთვის,  დაღუპულთა  სულების  ხსოვნას,  ნათელში  ამყოფოს  უფალმა  მათი  სულები.


ათენი  22/8  2013წ.  თემურ  სისაური  [ჭალელი]   ქვემო-ჭალა.

საქართველო.

Τρίτη 13 Αυγούστου 2013

ყაყაჩოები შინდისთან

 ციტატა

ყაყაჩოები  შინდისთან,
სისხლისფრად  შეღებილიყო.
ჩვენი  ბიჭების  საფლავზე,
იები  ამოსულიყო.









   დილით,  ლიახვი  გაღვიძებთ
მოგიტანთ  ახალ ამბავსა.
ხელ-პირსაც  დაგაბანიებთ,
დაგალევინებთ  ცივ  წყალსა.
დღისით  მზე  გათბობთ,  გეხვევათ,
გადაგატარებთ  ზამთარსა.
ღამე   კი  მთვარე  გინათებთ,
მოჰყვება  ტკბილსა  ზღაპარსა.
როდის  გასვლია  მართალი,
მგელთანა  ცხვრისა  ბატკანსა.
ომი,  გმირულად  სიკვდილი,
არჩიეთ  მუდამ  ჩაგვრასა.
სანამ  იცოცხლებს  ქართველი,
თქვენც  ხომ  ცოცხლები  იქნებით.
თუ  დავიყავით  ცალ-ცალკე,
მოგონებები  ვიქნებით..
საღამოს  როცა  მზე  ჩადის,
ნანას გიმღერენ  ველები.
და  ღუღუნებენ  ტკბილს  ხმაზე,
ლიახვს  მშვიდობის  მტრედები.
ყაყაჩოები  შინდისთან,
სისხლისფრად  შეღებილიყო.
ჩვიდმეტი  გმირის  საფლავზე,
იები  ამოსულიყო.












თემურ  სისაური  ათენი.  
14/8  2013წ.

Πέμπτη 1 Αυγούστου 2013

აქ ხომ პატარა საქართველოა.

ვის  არ  შეხვდებით  ომონიაზე,
შალვას,  თამარის,  ლიას  თუ  გივის.
აქ  ხომ  პატარა  საქართველოა,
მეგობრის  ნახვა  გვავიწყებს  ტკივილს.
არვინ  არ  იცის  ვინ  როდის  წავა,
წლები  მიფრინავს  ვით  ცაზე  ნისლი.
უნდა  დავბრუნდეთ   მშობელ  მიწაზე,
ჩვენ  საქართველო  რამდენს  დაგვიცდის.
რა  დაგვავიწყებს იმ  პირველ  დღეებს,
როცა  მოვედით  საბერძნეთს  მზიანს.
მონატრებულებს  ჩვენს  ახლობლებზე,
ჩაგვძინებია  გაუხდელს  მტირალს.
ვინც  არ  ყოფილა  უცხო  მხარეში,
ის  ვერ  გაიგებს  ჩვენს  გულის  ტკივილს.
ოჯახის  რჩენა  თავს  აგვიღია,
ჩვენი  სიცოცხლე  არაფრად  გვიღირს.
დღენი  გარბიან  ელვის  სისწრაფით,
დროც  კი  არა  გვაქვს  განსჯის  და  ფიქრის.
მოგვნატრებია  ჩვენი  მთა-ბარი,
ქართული  სუფრა,  ცოცხალი  ივრის.
თუ არ დავბრუნდით  მშობელ  მიწაზე,
მტკვარი,  რიონი  უჩვენოდ  ივლის.
რომ  შეგვაწუხებს  სისხლის  ყივილი,
ვეღარ  დაუცდით  მომავალ  ივლისს.
ჩვენი  ცხოვრება   ხანმოკლე  არის,
ვინ  გვეკითხება  უფალი  ითვლის.
სამშობლო  ჩვენი  მშობელი  არის,
განა  სიცოცხლე  არა  ღირს  მისთვის.
შენ  საბუდარო  არწივებისა,
დედა  თბილისო   სასახლევ  ისნის.
დიდგორის  ველზე  დაღამებისას,
წინაპართ   ხმლების   ჟღრიალი
                                                  ისმის.
                                                                                           






1/8.  2013წ  ათენი  თემურ  სისაური.  თბილისი.

Τετάρτη 24 Ιουλίου 2013

მთებს ცისარტყელა შვენოდა.

ბუნებამ  ფერი  იცვალა,
ტყეს  ბინდი  გადაჰფენოდა.
გაყვითლებულა  მიდამო,
მთებს  ცისარტყელა  შვენოდა.
ყველა  ზამთრისთვის  ემზადის,
გლეხის  გულ  არა  ცხრებოდა.
ჩვენც  გადავედით  ბებოსთან,
სახლში  გულ  არა  დგებოდა.
ჩვენი  ლევანიც  თან  მყავდა,
დავხერხეთ  წიფლის  მორები.
ბუხარში  ცეცხლი  გიზგიზებს,
სცვივათ  ტირიფებს  ფოთლები.
გვიანი  შემოდგომაა,
სავსეა  ღვინის  დოქები.
საწნახელს  შემოუწყვიათ,
წითელ-ყვითელი  გოგრები.
ქვევრებში  რქაწითელი  დუღს,
ბოცებს  გაუდის  შუშხუნი.
მარნის  კარები  ღიაა,
არცა  სდებია  ურდული.
პაპასაც  უყვარს  ქეიფი,
შემოძახილი  ურმული.
დავაპეთ  მე და  ლევანიმ,
რაც  ჰქონდა  პაპას  კუნძები.
ბებიამ   სუფრა  გაშალა,
გაავსო ბროლის  ჭურჭელი.
ღუმელზე  ქვაბი  თუხთუხებს,
ხინკალს  აუდის  სურნელი.
პაპაც  მოვიდა  ამ  დროსა,
დილიდან  იყო  უჭმელი.
გაუღე  ხისა  ჭიშკარი,
შემოაგორა  ურემი.
ფიჩხი  მოუჭრავს  ვაკეში,
ზამთარი  არის  უძღები.
მიშასა  აბულაძესა,
ბავშვიც  იცნობდა  სოფელში.
იმისგან   გაიგონებდით
სიტკბოს,  სიკეთეს  ყოველთვის.
ბევრი  უნახავს  პაპასა,
ტკბილიც  და  მწარეც  ცხოვრების.
ხევსურთ  ასული  შეურთავს,
ოჯახი  შექმნეს  ქართული.
თავისი  შრომით,  კაცობით
სოფელში  იყო  განთქმული,
კარგი  შვილები  გაზარდეს
ბებიაც  იყო  მშრომელი.
ანეტა  ადრე  დაობლდა,
აღარ  ახსოვდა  მშობლები.
დედის  ძმას  მოიგონებდა,
ის  იყო  მისი  მომვლელი.
ბიძამ  გაზარდა  შვილივით,
კარგი  ასწავლა  ყოველი.
მამა  ჰყოლია ბებიას
მამასახლისი  სოფლისა.
ყველა  ჩაგრულის    მშველელი,
ვაი  მჩაგვრელის  ყოფისა.
ბებიაჩემი  სულგრძელი,
სპეტაკი  როგორც  სანთელი.
პაპა  რომ  ომში  წავიდა,
ბებიას  დარჩა ბავშვები.
ჭინჭარაულის  ქალ  იყო,
ჯიში  მასდევდა  პაპების.
ხუთ  შვილ  გაზარდა  ბებიამ
ერთმანეთზედა  კარგები.
შვილიშვილებიც  გაგვზარდეს,
სუყველას  დაგვდეს  ამაგი.
არ  დაუკარგოთ  წასულებს,
მათი  შრომა  და  ნაჯაფი.
იმას  ვამბობდი  პაპამა,
ნახა  ცხოვრების  ავ-კარგი.
ორმოცდაერთში  ომი  და
დიდი   რუსეთის  ტრამალი.
კლავიც  უჭრიდა  თვალიცა,
თოფი,  სამიზნე,  ჩახმახი.
ტყვეობაც  გადაიტანა,
ორჯერ  დაიჭრა  მაჯაში.
მაგრამ  არ  შეშინებულა,
ქვემო-ჭალელი ვაჟკაცი.
არ  დავიწყვნია  პაპასა,
ის  მეგობარი  ბიჭები.
უშიშნი  ვითა  სალი  კლდე,
გაუტეხელნი  მტკიცენი.
შენდობას  ვეტყვით  მათ  სახელს,
და  დაიცლება  ჭიქები.
მაჭარმაც  თავისი  გასჭრა,
სუფთაა  ყურძნის  მტევანი
და  ვქეიფობდით  პაპასთან,
მე  ვასკია  და  ლევანი.
არასდროს  დამავიწყდება,
რა  ბედნიერი  დღე  არის.
პაპას  მარანში  ბიჭებო,
გული  სხვა  გვარად  ღელავდის.
გარეთ  თოვლს,  ნისლი  ჩამოწვა
კარს  მოგვდგომია  ზამთარი.
ტკბილ  მოგონებად  დაგვრჩება,
ჩვენ  წინაპართა  ამბავი.


ათენი. 25/7 2013წ.  თემური  სისაური  [ჭალელი]  ქვემო-ჭალა.

                                                                                 საქართველო.

ეს  ლექსი,  მიუძღვენი ჩემი  აწგარდაცვლილი   პაპის  და ბებიის  ხსოვნას,  ნათელში იყვეს  მათი  სულები.

Τετάρτη 17 Ιουλίου 2013

უცხოობაში ყოფნამა.

ის  აღარა  ვარ,  რაც  ვიყავ,
გული,  ლოდინმა  დაღარა.
უცხოობაში  ყოფნამა,
თვალები,  ცრემლით  დანამა.
წლები  გარბიან  მალ-მალე,
სული  სიშორემ  დაღალა.
შინ  დაბრუნების  ლოდინში,
თავს,  დამათოვა  ჭაღარა.
სამშობლოს,  მაინც  ვახსოვართ,
არ  დაიკარგავს  იმედსა.
რომ,  გათენდება  ერთი  დღე
და  დაიბრუნებს  შვილებსა.
უფალი  შეგეწეოდეს,
შენ,  ჩვენო  არე-მარეო.
აყვავებული  გვენახოს,
ჩვენი  ლამაზი  მხარეო.




ათენი. 17/7.2013წ. თემურ  სისაური. თბილისი.
              

Τρίτη 16 Ιουλίου 2013

მშვიდობით ჩვენო მთა-ბარო..

მშვიდობით  ჩვენო  მთა-ბარო,
ჩვენო  დედავ  და  მამაო.
უცხო  მიწაზე  ქართულმა,
ნერგმა  ვერ  გაიხარაო.
სადაც  რომ  გავიზარდენით,
იქ  არის  ჩვენი  ბაღდადი.
იქ  არის  ჩვენი  ბავშვობა,
ქართული  წესი  და  ადათი.
სამშობლოს  მოცილებულნი,
რამდენ  სითბოსა  ვკარგავდით.
და-ძმის, დაკარგულ  სიყვარულს,
ჩვენს  მეგობრებში  ვნახავდით.
რამდენს  გაუძლებს  ეს  გული,
შორს საქართველოს  ცქერასა.
კაცი  ვერსაით  წაუვა,
თავისა  ბედისწერასა.






ათენი. 16/7.2013წ.  თემურ  სისაური [ჭალელი]
                                                ქვემო-ჭალა.  საქართველო.

Πέμπτη 11 Ιουλίου 2013

ლექსო ცეცხლივით ნათელო

         
ლექსო  ცეცხლივით  ნათელო,
შენ  ჩემი  გულის  სათქმელო.
საითაც  წასულიყავით,
ჯვარი,  გწერიათ  ქართველნო.
ლექსო  შენა  ხარ  საუნჯე,
კაცობრიობის  სარკეო.
ქართული  სული  ჩაგბერო,
სამშობლო  გამიხარეო.
ბევრს  დაუბრუნე  ხალისი,
ცხოვრების  სიყვარულისა.
თქვენ  გაგანდევით  ლექსებო,
ნაფიქრი  ჩემი  გულისა.
ლექსო,  შენ  უნდა  გვიშველო,
გადაიარო  ცხრა  მთანი.
და  მიაწვდინო  სამშობლოს,
ემიგრანტების  ამბავი.


ათენი.  11/7.    თემურ  სისაური.  თბილისი.

ლექ