Τετάρτη 24 Ιουλίου 2013

მთებს ცისარტყელა შვენოდა.

ბუნებამ  ფერი  იცვალა,
ტყეს  ბინდი  გადაჰფენოდა.
გაყვითლებულა  მიდამო,
მთებს  ცისარტყელა  შვენოდა.
ყველა  ზამთრისთვის  ემზადის,
გლეხის  გულ  არა  ცხრებოდა.
ჩვენც  გადავედით  ბებოსთან,
სახლში  გულ  არა  დგებოდა.
ჩვენი  ლევანიც  თან  მყავდა,
დავხერხეთ  წიფლის  მორები.
ბუხარში  ცეცხლი  გიზგიზებს,
სცვივათ  ტირიფებს  ფოთლები.
გვიანი  შემოდგომაა,
სავსეა  ღვინის  დოქები.
საწნახელს  შემოუწყვიათ,
წითელ-ყვითელი  გოგრები.
ქვევრებში  რქაწითელი  დუღს,
ბოცებს  გაუდის  შუშხუნი.
მარნის  კარები  ღიაა,
არცა  სდებია  ურდული.
პაპასაც  უყვარს  ქეიფი,
შემოძახილი  ურმული.
დავაპეთ  მე და  ლევანიმ,
რაც  ჰქონდა  პაპას  კუნძები.
ბებიამ   სუფრა  გაშალა,
გაავსო ბროლის  ჭურჭელი.
ღუმელზე  ქვაბი  თუხთუხებს,
ხინკალს  აუდის  სურნელი.
პაპაც  მოვიდა  ამ  დროსა,
დილიდან  იყო  უჭმელი.
გაუღე  ხისა  ჭიშკარი,
შემოაგორა  ურემი.
ფიჩხი  მოუჭრავს  ვაკეში,
ზამთარი  არის  უძღები.
მიშასა  აბულაძესა,
ბავშვიც  იცნობდა  სოფელში.
იმისგან   გაიგონებდით
სიტკბოს,  სიკეთეს  ყოველთვის.
ბევრი  უნახავს  პაპასა,
ტკბილიც  და  მწარეც  ცხოვრების.
ხევსურთ  ასული  შეურთავს,
ოჯახი  შექმნეს  ქართული.
თავისი  შრომით,  კაცობით
სოფელში  იყო  განთქმული,
კარგი  შვილები  გაზარდეს
ბებიაც  იყო  მშრომელი.
ანეტა  ადრე  დაობლდა,
აღარ  ახსოვდა  მშობლები.
დედის  ძმას  მოიგონებდა,
ის  იყო  მისი  მომვლელი.
ბიძამ  გაზარდა  შვილივით,
კარგი  ასწავლა  ყოველი.
მამა  ჰყოლია ბებიას
მამასახლისი  სოფლისა.
ყველა  ჩაგრულის    მშველელი,
ვაი  მჩაგვრელის  ყოფისა.
ბებიაჩემი  სულგრძელი,
სპეტაკი  როგორც  სანთელი.
პაპა  რომ  ომში  წავიდა,
ბებიას  დარჩა ბავშვები.
ჭინჭარაულის  ქალ  იყო,
ჯიში  მასდევდა  პაპების.
ხუთ  შვილ  გაზარდა  ბებიამ
ერთმანეთზედა  კარგები.
შვილიშვილებიც  გაგვზარდეს,
სუყველას  დაგვდეს  ამაგი.
არ  დაუკარგოთ  წასულებს,
მათი  შრომა  და  ნაჯაფი.
იმას  ვამბობდი  პაპამა,
ნახა  ცხოვრების  ავ-კარგი.
ორმოცდაერთში  ომი  და
დიდი   რუსეთის  ტრამალი.
კლავიც  უჭრიდა  თვალიცა,
თოფი,  სამიზნე,  ჩახმახი.
ტყვეობაც  გადაიტანა,
ორჯერ  დაიჭრა  მაჯაში.
მაგრამ  არ  შეშინებულა,
ქვემო-ჭალელი ვაჟკაცი.
არ  დავიწყვნია  პაპასა,
ის  მეგობარი  ბიჭები.
უშიშნი  ვითა  სალი  კლდე,
გაუტეხელნი  მტკიცენი.
შენდობას  ვეტყვით  მათ  სახელს,
და  დაიცლება  ჭიქები.
მაჭარმაც  თავისი  გასჭრა,
სუფთაა  ყურძნის  მტევანი
და  ვქეიფობდით  პაპასთან,
მე  ვასკია  და  ლევანი.
არასდროს  დამავიწყდება,
რა  ბედნიერი  დღე  არის.
პაპას  მარანში  ბიჭებო,
გული  სხვა  გვარად  ღელავდის.
გარეთ  თოვლს,  ნისლი  ჩამოწვა
კარს  მოგვდგომია  ზამთარი.
ტკბილ  მოგონებად  დაგვრჩება,
ჩვენ  წინაპართა  ამბავი.


ათენი. 25/7 2013წ.  თემური  სისაური  [ჭალელი]  ქვემო-ჭალა.

                                                                                 საქართველო.

ეს  ლექსი,  მიუძღვენი ჩემი  აწგარდაცვლილი   პაპის  და ბებიის  ხსოვნას,  ნათელში იყვეს  მათი  სულები.

Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου