Τρίτη 27 Αυγούστου 2013

ვახტანგ მეექვსის ხსოვნას

ვახტანგ მეფე  ტახტზე  იჯდა,
რომ  დაიპყრეს  ოსმალთ  ქართლი.
წელში  გაწყდა  გლეხ-კაცობა,
დაუწესეს  დიდი  ხარკი.
აღარ  იყო  ერთიანი,
ის  ძლიერი  საქართველო.
სამ  სამეფოდ  გაყოფილა,
ქართლ,  იმერეთ,  საკახეთოდ.
ვახტანგ  იყო  ნიჭიერი,
მწიგნობარი,  გულით  რკინა.
მტერს  მახვილი  შეაგება,
ერს  გმირულად  ედგა  წინა.
ერთი  სული,  ერთი  გული,
რომ  არ  იყო  ბრძოლის  ველზე.
ოსმალებმა  დრო  იხელთეს,
ინადირეს  ქართველებზე.
გაუყენეს  სტამბოლის  გზას,
ბედკრულ  საქართველოს  შვილნი.
მეფეს  გვერდში  არ  დაუდგნენ,
შანშე  ერისთავი,  გივი.
შანშე  ქსნის ერისთავ  იყო.
გივი  თავადი  ქართლისა.
სასახლე   ჭალას  ჩაუდგავს,
და  სხვილოსციხე  მთისძირსა.
მუხრანიდან  ლიახვამდე,
ამილახვარ  განაგებდა.
გორის  ციხის  მოურავი,
ქართლში  საქმეს  აგვარებდა.
ლარგვისიდან  ერისთავებს,
დაბლა  ჩამოუვაკიათ.
ქსანზე  შანშეს  ახალგორში,
სახლი,  ციხე  აუგია.
გივი  შანშეს  წაეკიდა,
შანშე  კიდევ  აქეთ  გივის.
მამულები  ვერ  გაიყვეს,
ქართლი  კიდევ  ცეცხლში  იწვის.
თუმცა  მეფეს გვერდში  ჰყავდნენ,
ზოგიერთი  თავადები.
ერი,  ბერი,  ქალი,  კაცი
მტერს  ებრძოდნენ  თავდადებით.
რომ  შეხედა  ვახტანგ  მეფემ,
ნადგურდება  მისი  ერი.
ვინც  გადარჩა  მთას  გახიზნა,
რუსეთს  გააჭენა  ცხენი.
შვილებიც  ხომ  ვახტანგს  გაყვნენ,
ვახუშტ,  ბაქარ  და  გიორგი.
ათას  შვიდას  ოცდაოთხში,
იმღვრეოდა  კვლავ  იორი.
მუხას  მუმლი  დახვეოდა,
დრო  არ  იყო  დიდი  ფიქრის.
ქართლი ნასოფლარად  იქცა,
ჩვენი  მეფე  რუსეთს  იცდის.
მოსკოვს  ბინას  დაიდებენ,
ვახტანგ  მისი  ერთგულები.
რუსთა  მეფის  მოლოდინში,
ბეჭდეს  წიგნი,  რვეულები.
მოსკოვს  დავით  გურამიშვილს,
სიხარულით  დახვდა  მეფე.
გამარჯვების  სადღეგრძელო,
ჩვენი ატენურით  შესვეს.
დავით  ლეკებს  გამოექცა,
ტყვეობიდან  ყუბანს  მირბის.
უბრძოლია  სამშობლოსთვის,
ლექსად  დაუწერავს  წიგნი.
ლამისყანას  სატრფო  ელის,
თვითონ  უკან  ვეღარ  მიდის.
ვახტანგმა  წიგნი  დაწერა,
ქართული   სამართლისაო.
ვახუშტიმ  რუკა  დახაზა,
ქართველთა  მთა-ბარისაო.
მეფის ამალას  ქართველებს,
მოეძალათ  სახლზე  ფიქრი.
დაიღალნენ  უსამშობლოდ,
მოენატრათ  ცოლი,  შვილი.
რომ  წავიდა  მეფე  რუსეთს,
მიატოვა  სრულად  ქართლი.
გივიმ,  შანშე  ერისთავმა
მერე  იგრძნეს  მისი  ფასი.
შეაწუხა  მათ  ნამუსმა,
ვახტანგს  გაუგზავნეს  კაცი.
წერილები  გაატანეს,
მეფევ  წყენა  შეგვინდევი.
საქართველოს  სადიდებლად,
ისევ  მუშტად  შევიკვრებით.
მოდი  მეფევ  ქართლს  მოხედე,
დაგიდგებით  გვერდში  ძმურად.
მათ  გულებში  ძველებურად,
სიყვარულმა  დაიბუდა.
ქსანზე  თურქებს  ხმალი  დასცეს,
დიდმა  შანშემ  დაიქუხა.
ქსან-ლიახვზე  ვაჟკაცთ  ბრძოლით,
ყველა  ციხე  დაიბრუნა.
შანშემ  ძლიერ  გაიხარა,
როცა  გივი  ძმად  იგულა.
გორის  ციხეს  გივი  ბრძოლობს,
ლომ  კაცია  ქუდი  ჰხურავს.
დაუწყვია  ამილახვარს,
ურიცხვ  მტერთან  ქართლელთ  ჯარი.
ერთი  ხუთზე  გაიმარჯვებს,
გადმოჰხედავთ  გორის  ჯვარი.
წინ  შეუძღვნენ  გორის  ციხეს,
ჯარს  გივი  და  მამუკაი.
გვერდში  ჰყავდა  მუხრანბატონს,
ასი  უშიშარი  ყმაი.
უბრძოლია  მამუკასაც,
მარჯვედ  უქნევია  ხმალი.
ოსმალებზე  ჯავრ  იყარეს,
წითლად  შეუღებავთ  მტკვარი.
მტრისა  რისხვად  არ  ჩერდება,
ამილახვრის  სატევარი.
ომიც  იცის,  ძალაც  მოსდევს,
არ  ეღლება  ვაჟკაცს  კლავი.
გაიმარჯვეს  ქართველებმა,
ღვთიშობლისა  რეკავს  ზარი.
მტკვრის  პირს  სუფრა  გაუშლიათ,
ქართლში  ღვინობისთვე  არის.
ეყოთ  ქართველთ  ხმლის  ტრიალი,
ეხლა  შეჯიბრი  აქვთ  სმაში.
საქართველოს  დღეგრძელობის,
გამოსცალა  გივიმ  ყანწი.
თუ  გამთელდა  ქართველთ  ერი,
ვერ  დაგვაკლებს  ვერას  მტერი.
გამარჯვება  მიულოცეს,
ქსანზე  შანშე  ერისთავსა.
მეფეს  წერილი  მისწერეს,
მოდი  უპატრონე  ქართლსა.
ვახტანგ  მეფე  არ  ჩამოდის,
ელოდება  რუსის  ჯარსა.
და ლოდინში  უსასრულოდ,
თავს  შესწირავს  ქვეყნის   ხსნასა.


ათენი  27/8 2013წ  თემურ  სისაური [ჭალელი]
                                                ქვემო-ჭალა  თბილისი.  


ამ  ლექსს  უძღვნი  სამშობლოს   მოსიყვარულე,  თავისუფლებისათვის  მებრძოლთა  სულების  ხსოვნას.



Δεν υπάρχουν σχόλια:

Δημοσίευση σχολίου